Saturday, February 21, 2009

ხაჭაპური

ქუთაისი. 32 სკოლა. IX კლასი. მათემატიკის მასწავლებელი თამარ მურუსიძე.

ერთ ერთ მათემატიკის გაკვეთილზე მასწავლებელმა შემოგვთავაზა გვემუშავა პროექტზე «ხაჭაპური» . მოკლედ აგვიხსნა საგანმანათლებლო საერთაშორისო ქსელის iEARN ისა და საქართველოს საგანმანათლებლო სარესურსო ქსელის GEARN -ის შესახებ, მიმდინარე ქართულ პროექტებზე და ამ პროექტებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე. თავიდანვე აგიძრა სურვილი, თუმცა ცოტა უცნაური მოგვეჩვენა როგორ უნდა გვემუშავა პროექტზე «ხაჭაპური». სულ მალე ეს უცნაურობა მართლაც რომ საინტერესო, სახალისო და სასარგებლო საქმიანობაში გადაიზარდა.დაფის შუაგულში მასწავლებელმა დაწერა სიტყვა «ხაჭაპური» და გვთხოვა, გამოგვეთქვა ჩვენ-ჩვენი აზრი როგორ შეიძლებოდა პროექტზე მუშაობა ისე, რომ ჩვენს მიერ გავლილი სასწავლო მასალის გამოყენება შეგვძლებოდა. დაფაზე ასეთი სქემა გაიშალა:



აქვე გავაკეთეთ სქემის რეზიუმე. ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზანი და დავწერეთ პროექტის სამოქმედო გეგმა

მიზანი :
ქართული სამზარეულოს ერთ ერთი უნიკალური კერძის ხაჭაპურის მრავალფეროვნების გაცნობა. კომპიუტერთან მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, ინტერვიუს აღების, მონაცემთა შეგროვების, კვლევის უნარების განვითარება

სამოქმედო გეგმა:.
1. ჯგუფების შექმნა
2. რეცეპტების შეგროვება
3. გამოკითხვა
4. ხაჭაპურის ტიპიური ფასი ქალაქში
5. საცხობის ანალიზი
6. გამოცხობა დაგემოვნება
7. ხაჭაპურის კალკულაცია
8. ფოტოალბომი
9. ბლოგის შექმბა
10. პრეზენტაცია

1. ჯგუფების შექმნა

პროექტზე მუშაობის სურვილი გამოთქვა კლასის ყველა მოსწავლემ.
დავიყავით 4 გუნდად და გადავინაწილეთ ფუნქციები
1 ჯგუფი: (ქრისტინა კუბლაშვილი,გვანცა კაცაძე, გვანცა დოლაბერიძე, მონიავა მონიკა)
2 ჯგუფი: (სოფო თევზაძე,ქრისტინა ტარუღიშვილი,ნინო ჯავახაძე)
3 ჯგუფი: (თინათინ ოკუჯავა,თათია თაგვაძე, ნინო ხურციძე)
4 ჯგუფი:(ვიქტორია კოღუაშვილი,გიორგი სამხარაძე,თორნიკე ხვადაგიანი, გეგი გუბელაძე)

2. რეცეპტების შეგროვება



ხაჭაპურის რეცეპტები ოჯახებში, მეზობლებსა და ახლობლებში შევაგროვეთ



1. კარგად გავცრათ პურის ფქვილი. ჭიქაში ჩავყაროთ საფუარი და დავასხათ 37გრადუსიანი თბილი წყალი, ავურიოთ სანამ საფუარი კარგად არ გაიხსნება, შემდეგ დავასხათ ფქვილს. ცალკე ჭიქაში გავხსნათ მარილი ისევე როგორც საფუარი და დავასხათ ფქვილს ავურიოთ და საჭირო რაოდენობის წყალი დავასხათ. მოვცომოთ. შემდეგ ზემოდან გადავაყაროთ და თბილ ადგილას დავდოთ. დაველოდოთ ცომის ამოსვლას.მასალა შიგთავსისთვის: თუ ყველი ახალია დალბობა არ სჭირდება, თუ ძველია და მლაშე, დავჭრით და ცივ წყალში გავაჩერებთ. შემდეგ აფჩხვნილი ყველი შეურიოთ კვერცხის გულში, ცომი დავყოთ და ცალ-ცალკე მრგვალად ქაღალდივით გავათხელოთ, ყველი შიგ ჩავდოთ და ზედ მეორე ცომი გადავაფაროდ. ნაპირები გადმოვუკეცოდ. შევდოთ ღუმელში რომელშიც ტემპერატურა 200-250 გრადუსია. ღუმელიდან გამოღების შემდეგ ზემოდან წავუსვად ერბო.რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს.

2. ხაჭაპურის ღვეზელიცომს ისევე მოვამზადებთ როგორც ზემოთაა აღნიშნული.შიგთავსისთვის ავიღოთ ყველი და რამდენიმე მოხარშული კვერცხი. ყველი დავფჩხვნათ და ერთად ავურიოთ.შემდეგ ცომში ჩავდოთ.მივცეთ მოგრძო ფორმა და შევდოთ ღუმელში.

1-2 რეცეპტი მოიპოვა ვიკა კოღუაშვილმა

3. იმერული ხაჭაპური

1კგ-ფქვილი
2ჩ/ჭ-მაწონი
2ც-კვერცხი
700/800გ-ყველი

მოვზილოთ ცომი მაწვნითა და კვერცხით, დავდოთ 1-2საათით ასაფუებლად. შემდეგ დავყოთ 5-6 ნაწილად. ამოვაგუნდაოთ, გავაბრტყელოთ, შიგ ჩავყაროთ დაფშვნილი ოდნავ მარილიანი ყველი, მოვუკრათ თავი და შევდგათ ღუმელში ან გამოვაცხოთ კეცში.
რეცეპტი მოგვაწოდა ნათია გიორგაძემ.

4. ხაჭაპური მეორენაირად

600გ-პურის ფქვილი
200გ-სიმინდის ფქვილი
700გ-ყველი
3ც-კვერცხი
3ჩ/ჭ-მაწონი
პურისა და სიმინდის ფქვილი მოვზილოთ მაწონში და გამოვაცხოთ ისე როგორც ზემოთ არის აღნიშნული.
რეცეპტი მოგვაწოდა ნათია გიორგაძემ.
5. იმერული ხაჭაპური კეცებს შუა

1კგ-პურის ფქვილი
600გ-იმერული ყველი
2-3ს/კ-საფუარი
1ჩ/კ-მარილი
მოვზილოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი, დავჭრათ 6-7ნაწილად ამოვაგუნდაოთ გავაბრტყელოთ. ცეცხლზე გავახუროთ თიხის პატარა კეცები. 6კეცზე დავდოთ 6ცალი გაბრტყელებული ცომი. ზემოდან დავახუროთ გაცხელებული კეცი. შევდგათ ერთი მეორეზე და მივიღებთ 6ცალ ხაჭაპურს.
რეცეპტი მოგვაწოდა იზო მამფორიამ.
6. მოხარშული ხაჭაპური

600გ-ჭყინტი ყველი
1კგ-პურის ფქვილი
2ც-კვერცხი
20გ-შაქარი
1ჩ/კ-არაჟანი
მარილი – გემოვნებით
ჭყინტი ყველი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, ჩავაზილოდ კვერცხი ცოტა მარილი და შაქარი, ცომი დავჭრათ ნაჭრებად, გავათხელოთ, მოვაყაროთ ეს შეზავებული მასა და მოუკრათ თავი. მივიღებთ პატარა კვერებს რომელიც უნდა მოიხარშოს მდუღარეში.მოხარშული კვერი ზემოთ ამოტივტივდება და ქაფქირით ამოვიღებთ, მოვასხათ არაჟანი და მოვაყაროთ შაქარი.
რეცეპტი მოგვაწოდა მარი გულბანიმა.

7. ოსური ხაჭაპური ხაბიძგინი

700გ-პურის ფქვილი
40გ-ყველი
300გ-ერბო
2-3ს/კ-საფუარი
მარილი-გემოვნებით
მოვზილოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი და დავდგათ ასაფუებლად ერთი საათით. შემდეგ ამოვაგუნდაოთ, გავათხელოთ, ბლომად დავაყაროთ დაფშვნილი ყველი და მოვუკრათ თავი. ერბო გავადნოთ ღრმა ტაფაზე. დავდოთ ზედ ხაჭაპური და გამოვაცხოთ ორივე მხარეს შეწითლებამდე.
რეცეპტი მოგვაწოდა ნინო მანაგაძემ.
8. რაჭული ხაჭაპური
700გ-პურის ფქვილი
40გ-ყველი
2ც-კვერცხი
მარილი- გემოვნებით

ეს ხაჭაპური არის ოთხკუთხედი. ჩვეულებრივ ცომს გაათხელებენ ოთხკუთხედად, შუაში დააყრიან დაფშვნილ ყველს,რომელშიც არეულია კვერცხი. გადმოკეცავენ ოთხივე კუტხეს კონვერტივით. ზემოდან წაუსვამენ კვერცხის გულს და გამოაცხობენ.
რეცეპთი მოგვაწოდა ეკა ნიჟარაძემ.

9. ფენოვანი ხაჭაპური

600გ- პურის ფქვილი
300გ-კარაქი
400გ-ყველი
1ც-კვერცხი
ფენიან ცომს მოვამზადებთ და დავყოფთ რამდენიმე ნაწილად, თითოეულს გავათხელებთ და შუა ადგილას დავაყრით დაფშვნილ ყველს. ყველში ერთი ცალი კვერცხი იქნება შეზელილი. ყველჩადებულ ცომს მოვუკრავთ თავს, ერთხელ კიდევ გავათხელებთ და გამოვაცხობთ თხელ ხაჭაპურებს ჩვეულებრივი წესით.
რეცეპტი მოგვაწოდა იზო მამფორიამ.
10. ხაჭოიანი ხაჭაპური

800გ-პურის ფქვილი
400გ-ხაჭო
200გ-ყველი
1ჩ/კ-სასმელი სოდა
2ც-კვერცხი
100გ-ერბო
1ჩ/კ-არაჟანი
მარილი და შაქარი-გემოვნებით
მოვზილოთ ჩვეულებრივი ცომი სოდანარევ თბილ წყალში. ცომი გავყოთ ორ ნაწილად, ამოვაგუნდაოთ, ორივე გავათხელოთ, დავაყაროთ კვერცხში არეული დაფშვნილი ყველი და ხაჭო. შემდეგ გადავაფაროთ მეორე გათხელებული ცომი. ამოვჭრათ ჭიქით პატარა კვერები, შევუკრათ ნაპირები, მოვხარშოთ ადუღებულ ერბოში, დავაწყოთ თეფშზე, ბოლოს მოვაყაროთ ცოტა შაქარი და მოვასხათ არაჟანი.
რეცეპტი მოგვაწოდა ლია გაჩეჩილაძემ.

11. აჭარული ხაჭაპური

100გ-ფქვილი
50გ-წყალი ან რძე
2გ-საფუარი
80გ-ყველი
1-2ც-კვერცხი
20გ-კარაქი
ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი გავათხელოთ თითის სისქეზე. ზედ დავაყაროთ დაფშვნილი ყველი. ნახევრად მოვუკრათ თავი ე. ი. დავტოვოთ ღიად შუა ადგილი. საიდანაც მოჩანს ყველი. ასეთი ხაჭაპურის გადაბრუნება არ შეიძლება. ასეთ ხაჭაპურში ღია ადგილას დებენ კარაქს და კვერცხს.

რეცეპტი მოგვაწოდა თეონა ჭოლაძემ.

3. გამოკითხვა

მოვიფიქრეთ გამოგვეკვლია არის თუ არა ხაჭაპური პოპულარული ჩვენი სკოლის მოსწავლეებში? ამისათვის შევიმუშავეთ 4 კითხვა:

1. გიყვართ თუ არა ხაჭაპური?
2.რომელი კუთხის ხაჭაპური გიყვართ?
3. რომელ ხაჭაპურს აცხობთ ოჯახში?
4. გამოგიცხვიათ თუ არა ხაჭაპური?


სკოლაში ~700 მოსწავლეა, ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვეკითხა 200მოსწავლე. ისინი დავყავით მიზნობრივ ჯგუფებად

კლასები ____ მოსწავლეთა რაოდენობა
I- IV ____ 50
V - VI ____ 50
VII-IX ____ 50
X-XII ____ 50


თითო მიზნობრივი ჯგუფი გამოსაკითხად გადავინაწილეთ თითოეულმა ჯგუფმა და ვიდრე შევუდგებოდით გამოკითხვას ვივარაუდეთ ჩვენი მოსაზრებები თითოეულ კითხვაზე. ჩვენი ვარაუდი ასეთი იყო :
1. გიყვართ თუ არა ხაჭაპური? ----80%
2.რომელი კუთხის ხაჭაპური გიყვართ? ---- იმერული
3. რომელ ხაჭაპურს აცხობთ ოჯახში? ----- იმერული
4. გამოგიცხვიათ თუ არა ხაჭაპური? კი 20%






გამოკითხვა აწარმოა ოთხივე ჯგუფმა, ერთ- ერთ მათემატიკის გაკვეთილზე კი მოხდა ჯგუფების ნამუშევრის შეჯერება.






მოხდა ცხრილების დამუშავება ელექტრონულ ფორმატში, რაც ძალიან საინტერესო იყო. დავეუფლეთ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს.





























































































ჩვენი ვარაუდიც თითქმის გამართლდა
ხაჭაპური უყვარს გამოკითხულთა 83% , იმერული უყვარს გამოკითხულთა 53% , ოჯახებში აცხობენ ძირითადად იმერულ ხაჭაპურს გამოკითხულთა 78% და ხაჭაპური გამოუცხვია გამოკითხულთა 37%

4. ხაჭაპურის ტიპიური ფასი ქალაქში

პროექტის განხორციელების ერთ-ერთი საკითხი იყო გაგვეგო ხაჭაპურის ტიპიური ფასი ქუთაისში. როგორ მოვახერხებდით ამის დადგენას? ისევ გამოკიხვა. ამჯერად სამიზნე ობიექტები საცხობები, კაფე- ბარები და რესტორნები ავიღეთ. ვიდრე ზემოთაღნიშნულ დაწესებულებებში გავიდოდით ჩვენი ვარაუდი გამოვთქვით ფასების შესახებ. სკოლაში ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე ვივარაუდეთ რომ ყველაზე გავრცელებული ხაჭაპური ქალაქში იმერული და ფენოვანი უნდა ყოფილიყო.


იმერული ---- საცხობის ფასი _ 1ლ, კაფე-ბარის ფასი _2ლ
ფენოვანი ----საცხობის ფასი _ 0,8ლ, კაფე-ბარის ფასი _1,5ლ


თითოეული ჯგუფი შეთანხმდა თუ ქალაქის რომელ ტერიტორიაზე ჩაატარებდა გამოკითხვას. საინტერესო იყო თვითონ გამოკითხვის პროცესი. ზოგიერთ ობიექტში ძალიან გულისხმიერად მოგვექცნენ, ზოგიერთში აბრიდან გადმოვიწერეთ ფასები, იშვიათად მაგრამ რამოდენიმე ობიექტში ირონიული დამოკიდებულება შევნიშნეთ ჩვენს მიმართ. თითოეულმა ჯგუფმა შეასრულა დავალება. მოხდა ამ დავალებების შეჯამება რეზიუმე.

5. საცხობის ანალიზი

ჩვენი ჯგუფის დავალება იყო, საცხობების გამოკითხვა და გამოკვლევა თუ რა თანხებთან არის დაკავშირებული ერთი ხაჭაპურის გამოცხობა და რა მოგება რჩება საცხობს ერთ ხაჭაპურზე. დავალების შესასრულებლად ჩვენს სკოლასთან არსებული საცხობი ავირჩიეთ. იქ მისულებმა, პერსონალი დავალების შინაარსში გავარკვიეთ და ვთხოვეთ ჩვენს რამოდენიმე კითხვაზე პასუხი გაეცათ. რა თქმა უნდა დაგვეთანხმნენ.
ინტერვიუს პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. კვლევის შედეგები კი ქვემოთ მოცემულ ცხრილშია.

საცხობის ანალიზმა აჩვენა რომ ერთი ხაჭაპურის თვითღირებულება არის 0,87ლარი, გასაყიდი ფასი კი 2 ლარი. ანუ მოგება არის 130%

6. გამოცხობა დაგემოვნება/ კალკულაცია

პროექტის განხორციელებისას, ჯგუფებს სხვადასხვა დავალებები მოგვეცა. ინტერვიუების აღება, კაფე-ბარებისა და საცხობების გამოკითხვა და ა.შ.
ჩვენს ჯგუფს (სხვა დავალებებთან ერთად) ყველეზე სახალისო და საინტერესო დავალება ქონდა. ხაჭაპურის გამოცხობა და დაგემოვნება. საქმეს მაშინვე შეუდექით, ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ოჯახს ვესტუმრეთ, საჭირო მასალები მოვიმარაგეთ და დავალების შესრულება დავიწყეთ.
ხაჭაპური დამოუკიდებლად აქამდე არასდროს არ გამოგვესხო, ამიტომ ცხობის პროცეში აქტიურად და დიდი ინტერესით ჩავერთეთ. საქმე ძალიან ადვილი და სახალისო იყო. ცხობის თითოეული ეტაპი ფოტოზე
აღვბეჭდეთ. მალე ჩვენი გამომცხვარი ხაჭაპურიც დავაგემოვნეთ. დამერწმუნეთ უგემრიელესი იყო.
ქვემოთ მოყვანილი რეცეპტიც ჩვენი მოპოვებულია



ფქვილი -2კგ
ყველი -1კგ
კვერცხი -2ც
ზეთი -1 ს/კ
დროჟი -1ს/კ
მარილი -1ს/კ


თასში ჩავყაროთ ფქვილი, დროჟი, მარილი და ჩავასხათ ზეთი. დავასხათ წყალი და მოვზილოთ ცომი.
ცომს ამოსვლის შემდეგ, დაფჩხვნილი ყველი ჩაურთოთ და გავაბრტყელოთ, შემდეგ ცომს კვერცხის
გული გადავუსვათ თავზე და ღუმელში შევდოთ.



























დაგემოვნების შემდეგ ვიანგარიშეთ რა მასალები რა რაოდენობით დაიხარჯა და რა ფასი დაჯდა ჩვენი რეცეპტით გამომცხვარი ერთი ხაჭაპური. ანუ გავაკეთეთ ხაჭაპურის კალკულაცია

7 მასწავლებლის კომენტარი

პროექტი "ხაჭაპურის" განხორციელების მიზანი იყო მოსწავლეებისათვის მათემატიკის საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენების დემონსტრირება. თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ინფორმაციის მოძიება / დამუშავება. ვარაუდების გამოთქმა მონაცემებზე დაყრდნობით, კვლევის დაგეგმვა/ ჩატარება. შემოქმედობითობა, წარდგენილი ნამუშევრის ორგანიზება (ისტ-ს გამოყენებით), საზოგადოებასთან ურთიერთობა, თანამშრომლობითი სწავლა
    პროექტი "ხაჭაპური" სასწავლო პროექტია. იგი შესაბამისობასია ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებთან და ინდიკატორებტან მათემატიკის საგნის ფარგლებში. 
მათ. IX.11. მოსწავლე აწესრიგებს და წარმოადგენს მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.

  • აჯგუფებს რაოდენობრივ მონაცემებს ინტერვალთა კლასებში და აგების შესაბამის ცხრილს/ ჰისტოგრამას (მათ შორის ტექნოლოგიების გამოყენებით)
  • არჩევს დაჯგუფებულ რაოდენობრივ მონაცემთა წარდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმას, ასაბუთებს არჩევანს და ქმნის ცხრილს/ დიაგრამას (მათ შორის ტექნოლოგიების გამოყენებით)
  • ერთი გრაფიკული ფორმით წერმოდგენილ მონაცემებს წერმოადგენს განსხვავებული გრაფიკული ფორმით და წარმოაჩენს თითოეული ფორმის ხელსაყრელ და არახელსაყრელ მხარეებს.

მათ.IX.13. მოსწავლე აკეთებს მონაცემთა ანალიზს და აყალიბებს დასკვნას


  •    ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევს შესაფერის შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს, ასაბუთებს თავის არჩევანს, ითვლის და იყენებს მონაცემთა ერთობლიობის დასახასიათებლად/ შესადარებლად 
  • იყენებს გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს სტატისტიკური შინაარსის მოსაზრებათა/ არგუმენტების ჩამოსაყალიბებლად ან შესაფასებლად.

პროექტით სწავლებამ გამოიწვია მოსწავლეთა მოტივაცია, გააზლიერა ენთუზიაზმი, აღძრა ინტერესი და გაზარდა მათი პასუხისმგებლობა. ისინი ხალისით ასრულებენ სამუშაოებს. პროექტი წერმატებით განხორციელდა.



Monday, February 16, 2009